"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" დააფუძნეს, საკუთარ გეგმებზე საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, მათი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.
"თუკი ამის საჭიროება დადგა, საზოგადოებრივი მოძრაობა შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას და ყველა ქმედება იქნება შესაბამისი იმ რისკებთან, რა რისკებიც შესაძლოა დადგეს. მთავარი მიზანი არის ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება და საზოგადოების ჩართულობა იმდაგვარ საკითხებში, როცა ის გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც მათ ეხებათ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე.
ისინი ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაა.
მათი თქმით, ომში ჩართვის საფრთხის შემცირებისთვის საზოგადოებასთან ერთად, ამ მიმართულებით იმუშავებენ.
"ჩვენი მიზანია, რომ ერთის მხრივ, საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რითაც ისინი აუცილებლად სწორ ანალიზს გააკეთებენ და ასევე, შვეცადოთ, არ დაზიანდეს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ევროპული ურთიერთობები, რისი მიზანიც აქვთ ზოგიერთ პოლიტიკოსს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. თითქოს ჩვენ გვინდა ურთიერთობების დაზიანება, ამ დროს ეს მათ სურთ, უბრალოდ, როგორც სჩვევიათ, სხვას უნდა გადააბრალონ,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.