26 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 14.9% დაფიქსირდა - საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნაში ინფლაციის კლების ტენდენციაა

2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდის მაჩვენებლის ფონზე, საქართველოში ინფლაციის კლების ტენდენციაა.

დამაიმედებელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც. პირველ კვარტალში, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 14.9% დაფიქსირდა. ამ მონაცემით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა ირლანდია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, ხორვატია და ნიდერლანდები.

ეკონომისტები აღნიშნულ მონაცემებს აფასებენ და ელიან, რომ ინფლაციის შემცირების დონე საქართველოში კვლავ გაგრძელდება და 2023 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება:

"ინფლაცია გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და საქართველოშიც გამოწვევაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ინფლაციის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, საქართველოში ინფლაცია უკვე ბოლო 2 თვეა მცირდება. თუ შევადარებთ წლიური ინფლაციის დონეს მაისი ინფლაციას, ვნახავთ, რომ დაახლოებით 1,8%-ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის შემცირების დონე საქართველოში გაგრძელდება და 2023 წელს იგი მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ხოლო ეკონომიკური ზრდის კუთხითაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი, როგორც ფართო რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით," - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე.

"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ვლადიმერ პაპავა კი აცხადებს, რომ ივლისში მიღებული ეკონომიკური შედეგები პოზიტიურია, მაგრამ მთავარია ეს ტრენდად ჩამოყალიბდეს:

"ჩვენს ქვეყანაში სახეზე არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ხელს უწყობს ინფლაციის ტემპის შემცირებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ლარის გამყარება ხდება. ჩვენ ქვეყანაში 80% იმპორტული საქონელია, თუ ლარი მყარდება მაშინ ეს ინფლაციაზე ნაკლები ტვირთით აისახება - აი ეს პრობლემებია. შეიძლება ითქვას, რომ ილისში მიღებული ეკონომიკური შედეგები პოზიტიურია, მაგრამ მთავარია ეს ტრენდად ჩამოყალიბდეს,"- აცხადებს ვლადიმერ პაპავა. 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე კი, ინფლაციის შემცირებას დიდწილად ლარის გამყარებას უკავშირებს.

"ძალიან დიდი გავლენა იქონია იმან, რომ ლარის კურსი განაგრძობს გამყარებას, რადგან იმპორტირებულ პროდუქტებზე შემცირდა ფასები და ასევე ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებთან და რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაშიც. მხედველობაშია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ ორმა ფაქტორმა დაძლია სხვა დანარჩენს პროდუქტებზე ფასების ზრდა, მათ შორის ნავთობის პროდუქტებზე რეკორდული ზრდა, რაც უპრეცედენტოა არათუ საქართველოში, არამედ ევროპისა და ამერიკის ბევრ სახელმწიფოსთან მიმართებაში," - აღნიშნავს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე.

დღის ამბები