წინააღმდეგობით ახსნილი წინააღმდეგობა და "ქართული ოცნების" პასუხი მესამე სექტორს - მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას გადახედავს, თუმცა აქვთ პირობა.
სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სანაცვლოდ, "ქართული ოცნება" "სამართლიან არჩევნებს", პოლიტიკური მოთხოვნებისგან გამიჯვნას ურჩევს. არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას კი არაჯანსაღ სოლიდარობად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე.
"მათ აქვთ საშუალება ძალიან მარტივი, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. მათ უბრალოდ საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი - ისინი კვლავ აყენებენ ამ ულტიმატუმს და აქვთ ეს მოთხოვნა, რომ მათ დააკომპლექტონ მთავრობა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია, არ აქვთ არჩევნებით მიღებული მანდატი, არ აქვთ ანგარიშ-ვალდებულება ხალხის მიმართ და მათ ჰქონდეთ ვეტოს უფლება და გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში, კვლავ ამ პოზიციაზე რჩებიან, თუ ხსნიან თავის მოთხოვნას?
თუ კი ისინი ამ პოზიციას აღარ იზიარებენ და მოხსნიან ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა. თუ კი ისინი ულტიმატუმს უყენებენ პარლამენტს, ანუ ჩვენ გვიყენებენ ულტიმატუმს, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების მხრივ თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.