15 ნოემბერი 2024,   11:10
ვრცლად
ISFED-ის შესახებ პოლიტიკური შეფასებები გრძელდება - რატომ იყოფა ოპოზიციის წევრებს შორის აზრი და რა პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში

"ისფედის" თემაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. ოპოზიციის განცხადებები არაერთგვაროვანია, პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას რეალური დისკუსია არ უნდა და პირდაპირ ცდილობს "სამართლიანი არჩევნები" პროცესს ჩამოაშოროს.

"ხელისუფლებას აქვს ასეთი დამოკიდებულება - დაპირისპირებულია ყველასთან და ყველაფერთან. ისინი არიან აბსოლუტურად მარტო, არ უნდათ თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან,"- აცხადებს ​პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი არ უარყოფს, რომ "ისფედს" შეცდომები ჰქონდა, თუმცა ამის გამო მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პასუხი უკვე აგო. 

"შეცდომებისგან არავინ არ არის დაზღვეული, ის რაც მოხდა, გასაგებია, ამის შემდეგ იქ განხორციელდა რეორგანიზაცია, შეიცვალა ხელმძღვანელი და მან აიღო პასუხისმგებლობა ამ შეცდომაზე. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ მაშინდელი შეცდომის გამო, ამ ორგანიზაციის მიმართ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება არ არის გამართლებული," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი.

რაც შეეხება უმრავლესობას, მათი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკური ინტერესები აქვს რაც არაერთხელ გამოიკვეთა.

"სამოქალაქო სექტორის მთავარი ამოცანაა პროცესების ადვოკატირება და არა რაღაც რევოლუციურ-ხელოვნურ პროცესებში ჩართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ან ხელისუფლების შეცვლის დაუოკებელი სურვილი. როდესაც კონკრეტული ორგანიზაცია სწორედ ასე იქცევა, ეს არის ორმაგი სტანდარტი და დამაზიანებელია სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი როლისთვის. როდესაც ამას არ ემიჯნებიან და ფაქტობრივად ამის ისევ ადასტურებენ, რომ მათი რეალური მიზეზი არის ტექნიკური მთავრობა, რომელიც არ სურს ჩვენს საზოგადოებას, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ის, რომ მსგავსი ორგანიზაცია არ იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები