უკრაინის ყოფილი ელჩი საქართველოში "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. იგორ დოლგოვი წერს, რომ ის საქართველოს ტოვებს.
"პატივცემულო თანამემამულენო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო!
დღეს თბილისიდან ვარშავაში მივფრინავ, შემდეგ კი კიევში.
მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. ჩვენ ერთად ავიყვანეთ უკრაინულ-ქართული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ერთად გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები, ვცდილობდით არ დაგვეკარგა დინამიკა როგორც ვაჭრობაში, ასევე კონტაქტებში.
ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველა შევიცვალეთ. და ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს.
უკრაინას მხარს უჭერს მსოფლიო, უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას, პუტინის რუსეთის ირგვლივ იზოლაციის წრე იკუმშება. ჩვენ ვიცით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დღეს ყველაფერი ჯარზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული. და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ უკრაინელ მცველებთან ერთად დგანან ქართველები. და ისინი სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მარადიული ხსოვნა გმირებს!
მადლობა ყველას, ვისთანაც მქონდა საშუალება მემუშავა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!," - ვკითხულობთ განცხადებაში.