08 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
დაბომბილი სლავიანსკი, დონეცკი და ხარკივი და კვლავ რთული ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - როგორი იყო ომის 190-ე დღე უკრაინაში

ომის 190-ე დღის დილა სლავიანსკში მასობრივი იერიშით დაიწყო. საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საბავშვო ბაღი. ქალაქის მერის განცხადებით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსხვერპლია დონეცკის ოლქში. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მძიმედ დაშავდა 10, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსული არმია მიზანმიმართულად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

მასიური იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ხარკივის ოლქზე. დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი მძიმე შეიარაღებიდან გაუხსნეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით რუსეთი ლოჯისტიკური დერეფნების და აქამდე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 5 საცავი ააფეთქეს. განადგურებულია მძიმე ტექნიკა და საარტილერიო სისტემები. უკრაინის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 18 წერტილოვანი დარტყმა განახორციელა.

კვლავ არაა ცნობილი ზუსტი ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული სიტუაციის შესახებ. სტრატეგიული ობიექტის დათვალიერების შემდეგ რაფაელ გროსიმ მოკლე კომენტარი გააკეთა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსპექტორები სადგურს მონიტორინგს მუდმივად გაუწევენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. უკრაინის პრეზიდენტს აინტერესებს, რამდენად სათანადოდ შეაფასებენ ადგილზე არსებულ საფრთხეს საერთაშორისო სპეციალისტები. ნეგატიურ გზავნილად უკრაინის პრეზიდენტი იმას მიიჩნევს, რომ რუსულმა მხარემ ზონაში მსოფლიო მედიის წარმომადგენლები არ შეუშვა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ოფიციალური კიევი რუსული არმიის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს იძიებს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კიევის ოლქში კიდევ რამდენიმე მასიური სამარხია აღმოჩენილი. იდენტიფიცირებულია 100-მდე მოკლული მშვიდობიანი მოსახლე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოს ცნობებით, ჯამში ნაპოვნია 1356 ცხედარი. 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები