04 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
"რასაც თურქული მედია და ფედერაცია წერს, რეალობას არ შეესაბამება" - ისტორიული გამარჯვება ევრობასკეტზე, რომელიც სკანდალით დასრულდა

ისტორიული გამარჯვება ევრობასკეტზე, რომელიც სკანდალით დასრულდა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვება იზეიმა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, თურქეთი, 88:83 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა, მეოთხე მეოთხედში დუდა სანაძესა და კორკმაზს შორის შელაპარაკების გამო კი მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, შედეგად ორივე კალათბურთელი გააძევეს. უკვე მატჩის მიწურულს მთავარმა მსაჯმა მოედანი თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც დაატოვებინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ გასახდელში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ჰაკან დემირის განცხადებით, გასახდელისკენ მიმავალ გზაზე თურქ კალათბურთელებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის მსგავსი სცენარით განვითარებას კატეგორიულად უარყოფენ ქართველი კალათბურთელები.

თბილისი არენაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში, რომლის დასრულებისთანავე ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ნაკრების წევრებმა მომხდარ ინციდენტზე კომენტარები გააკეთეს.

თურქულ მხარეს გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი პრეტენზია აქვს. მაგალითად, რატომ იმყოფებოდა თორნიკე შენგელია შეხვედრის დროს თანაგუნდელებთან ერთად, რატომ დასრულდა შეხვედრა 22 წამით ადრე და რაც ყველაზე მთავარია, თურქეთის მწვრთნელის ასისტენტის სკანდალური განცხადება, რომლის მიხედვითაც გასახდელისკენ მიმავალ გზაზე თურქ კალათბურთელს თავს დაესხა 3 ქართველი მოთამაშე და ფიზიკურად გაუსწორდა. 

საქართველოს ნაკრების წევრის და მომხდარის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, დუდა სანაძის თქმით, ის განცხადებები, რომლებსაც თურქული მხარე აკეთებს რეალობას არ შეესაბამება.

ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, ჩვენი გუნდი რიგით მე-4 შეხვედრას 6 სექტემბერს, გულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები