03 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
შესაძლოა, ვფიქრობდით, რომ რაღაცნაირად მარადიული იყო... მან მსოფლიოს აჩვენა არამხოლოდ მეფობა, არამედ ის, თუ როგორ გასცე, გიყვარდეს და ემსახურო - ბორის ჯონსონი ელისაბედ II-ზე

96 სამხედრო ზალპი დედოფლის სიცოცხლის 96 წლისადმი პატივის მისაგებად. ელისაბედ II-ის ხსოვნის პატივსაცემად ედინბურგის ციხიდან ქვემეხებს 20 წუთის განმავლობაში ისროდნენ.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა თემთა პალატაში წუთიერი დუმილით დაიწყო. პარლამენტის წევრები დედოფალ ელისაბედისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ.

სულ რამდენიმე წუთია, რაც ბრიტანეთის ახალი მეფე, ჩარლზ III ლონდონში ბალრომალის სასახლიდან ჩაფრინდა. მონარქი აეროპორტიდან პირდაპირ ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა. სულ მალე კი ჩარლზ III პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ახლად დანიშნული მეფის საქმიანობის პროტოკოლის მიხედვით, სწორედ ლიზ ტრასია ის სამთავრობო პირი, რომელთანაც მეფემ პირველი შეხვედრა უნდა გამართოს. 

დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ, ბრიტანეთის როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრები და ხაზს უსვამენ ელისაბედ II-ის როლს როგორც ბრიტანეთის, ასევე მსოფლიო ისტორიაში:

"გასული ღამის შოკისმომგვრელი სიახლის შემდეგ ჩვენ მომსწრე გავხდით დედოფლის დაკარგვის გამო მწუხარების გამომხატველი გულწრფელი გრძნობების. შეიკრიბნენ ადამიანები, დაეშვა დროშები, პატივი მიაგეს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. მისი მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალებაზე უინსტონ ჩერჩილმა თქვა, რომ ამ ამბებმა შეაჩერა XX საუკუნის ცხოვრების ხმაური. ახლა 70 წლის შემდეგ XXI საუკუნის ხმაურში, ცხოვრება კვლავ დაპაუზდა.

დედოფალი ელისაბედ II ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი იყო, რაც კი მსოფლიოს ახსოვს. ის იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთია აშენებული. ის ტახტზე სულ რაღაც 25 წლის ავიდა იმ ქვეყანაში, რომელიც ომის ჩრდილიდან გამოდიოდა. მან დატოვა თანამედროვე დინამიური ერი, რომელიც გაიზარდა და აყვავდა მისი მეფობის ქვეშ. გაერთიანებული სამეფო დიდებული ქვეყანაა მისი დამსახურებით," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მოვალეობა აიღო წლების წინ 25 წლის ელისაბედმა და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოს აჩვენა არამხოლოდ მეფობა, არამედ ის, თუ როგორ გასცე, როგორ გიყვარდეს და როგორ ემსახურო:

"მილიონობით ჩვენგანი ცდილობს ჩასწვდეს თუ რატომ ვგრძნობთ ასეთ ღრმა და პირადი დანაკარგის განცდას. შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ ის მუდამ იყო შეუცვლელი ადამიანი ბრიტანეთის ცხოვრებაში. შესაძლოა, ვფიქრობდით, რომ ის რაღაცნაირად მარადიული იყო.

ჩვენი შოკი დღეს უფრო ძლიერია, რადგან ვხვდებით მნიშვნელობას იმისა, თუ რა გააკეთა მან ყველა ჩვენგანისთვის და ვუფიქრდებით, თუ რა მოვთხოვეთ 25 წლის ქალს წლების წინ - ყოფილიყო გლობალური ნდობის ღირსი ადამიანი, რომ მისი სურათი ყოფილიყო ჩვენს ვალუტაზე, ყველა საფოსტო მარკაზე, პიროვნება, ვისი სახელითაც სამართლიანობა არის განაწილებული ამ ქვეყანაში.

დაფიქრდით, რა დავაკისრეთ მას - ყოფილიყო არამხოლოდ ამ ქვეყნის ისტორიის დე ენ ემის, უწყვეტობისა და ერთიანობის ცოცხალი განსახიერება, არამედ ყოფილიყო ჩვენი მთლიანი სისტემის ფიგურა, სახელმწიფოს ქვაკუთხედი, ჰქონოდა როლი, რომლის შესრულებაც მხოლოდ მას შეეძლო.

დაფიქრდით რა ვთხოვეთ მას და რა მოგვცა მან ჩვენ. მან მსოფლიოს აჩვენა არამხოლოდ მეფობა, არამედ ის, თუ როგორ გასცე, როგორ გიყვარდეს და როგორ ემსახურო," - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები