16 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ყველაფერზე, რაც ხდებოდა თბილისის ყველაზე დიდ მოედანზე თუ რუსთაველის გამზირზე, პასუხისმგებელია ხელისუფლება - ბექა ლილუაშვილი

რა გეგმა აქვთ აქციის მონაწილეებს და გაგრძელდება თუ არა პროტესტი დღესასწაულებზე, ჯერჯერობით, უცნობია. კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული სამოქალაქო ჯგუფები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ადამიანური რესურსების აღსადგენად და მატერიალური რესურსების მობილიზებისათვის, კანონპროექტის მესამე მოსმენამდე სტრატეგიული დაგეგმვის რეჟიმში გადადიან. 

ოპოზიციურ პარტიებში კი აცხადებენ, რომ წინააღმდეგობა ყოველდღიურ რეჟიმში იქნება, თუმცა დიდი შეკრება 11 მაისს დაანონსდა.
 
"ასეთი პროტესტები - დიდი, პატარა, მცირე, ლოკალური სხვადასხვა ქალაქებში, აუცილებლად იქნება და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს კანონი არ და ვერ მიიღოს "ქართულმა ოცნებამ". გამოყენებული იქნება ყველა ლეგიტიმური საშუალება, იქნება ეს დემონსტრაცია, მიტინგი, შეკრება თუ სხვადასხვა სახის მცირე თუ დიდი ზომის აქციები ყველა ქალაქში,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძემ.
 
ხელისუფლების საპასუხოდ კი, რომელიც გმირთა მოედნის გადაკეტვას აკრიტიკებს, "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველაფერზე, რაც პროტესტის ფარგლებში ხდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 
 
"ეს არის ხალხის გამოხატულება, ახალგაზრდებმა ეს ჩათვალეს საჭიროდ - გააკეთეს. დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი არის ჩვეულებრივი ამბავი. ამ ყველაფერზე, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, რაც ხდებოდა თბილისის ყველაზე დიდ მოედანზე თუ რუსთაველის გამზირზე, რაც მოხდება კიდევ - (ვგულისხმობ, აქციები გაგრძელდება კიდევ, ეს ხომ არ შეჩერდება), არის პასუხისმგებელი ხელისუფლება,"- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 
 
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს გმირთა მოედანი პროტესტის ნიშნად იმ დემონსტრანტებმა გადაკეტეს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს უწყვეტად აპროტესტებენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ნაწილმა გზა გადაკეტა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროსთან და ვარაზისხევთან. პროტესტის ამგვარმა ფორმამ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები გზის გაგრძელების საშუალებას აძლევდნენ მათ, ვისაც მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი ეჯდა.
ამავე თემაზე
დღის ამბები