გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში საერთაშორისო გამოხმაურებებზე შეფასება კეთდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დონორები და საელჩოები ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ აქციების ძალადობრივი ხასიათი, არასამთავრობოებს ხელს აფარებენ.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სინამდვილეში, პრობლემა არის იმაში, რომ გამჭვირვალობის კანონით გამჭვირვალობის ვალდებულება დადგება.
"ვნახეთ, ერთი მხრივ, ევროპის დემოკრატიის ფონდის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის, მეორე მხრივ, ამერიკის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელის განცხადებები, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ, მზად არიან გამჭვირვალობისთვის, ხუთი წუთი დაეთმოთ იმისთვის, რომ გაესაჯაროებინათ საკუთარი პროექტები, მათი მხრიდან ვხედავთ ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობას, თითქოს არის მშვიდობიანი აქციები. ამ მხრივ გარკვეულ მხარდაჭერას იჩენენ, მათ შორის ძალადობრივი ქმედებების მიმართ, მეორე მხრივ, არის გარკვეული მცდელობა, რომ არ იქნას მიღებული კანონი, რომელიც, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მათი ორგანიზაციების – EED-ის და NED-ის გამჭვირვალობასაც შეეხება. ამიტომ ჩანს პირდაპირი დაინტერესება, მათ შორის საქართველოში პოლიტიკური უმცირესობის წახალისება, რაიმენაირად ხელი შეუშალონ ამ კანონის მიღებას.
გარდა ამისა, ამ განცხადებებშიც, განსაკუთრებით NED-ის ხელმძღვანელის განცხადებაში გარკვეული მუქარა იგრძნობოდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ისევე, როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ორგანიზაციებს და დონორებს ქართველი ხალხის მიმართ. ალბათ საქართველოსთან დაკავშირებით არასრულფასოვანი სახელმწიფოს შთაბეჭდილება აქვთ, როდესაც ასეთი მუქარანარევი ტონით არის მიმართვა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისადმი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, "ხალხის ძალის" დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო კრიტიკა არასტანდარტული, ზედაპირული და მშრალია. მისი შეფასებით, არავითარი შინაარსი ამ კრიტიკას არ აქვს. ხუნდაძის თქმით, ქვეყანამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.