დერეკ შოლესთან გამოვხატე იმედგაცრუება ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული "ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.
დერეკ შოლემდე განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის ელჩმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიიწვიეს შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, თუმცა ქართულმა მხარემ მოწვევაზე უარი თქვა.
საპასუხოდ, საქართველოს საგარეო უწყებამ განმარტა, რომ პრემიერი შტატებში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა გამჭვირვალობის კანონის განხილვა. დათქმით ვიზიტი კი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას.
ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ამ შეხვედრაზე უარის თქმა კატეგორიულად დაუშვებელი იყო.
პარტია "ახალის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორისთვის უარის თქმა დემარშია.
"მორჩნენ ამ სპეკულაციას და სხვანაირად შევხედოთ მდგომარეობას, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორს ეუბნები უარს ეს ფაქტობრივად დემარშია. ეს არის უმძიმესი ფორმა, რომელიც არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია. აქ საუბარი არ არის ჩვეულებრივ ვიზიტზე, აქ საუბარია მაღალი თანამდებობის მქონე პირების ვიზიტზე, შესაბამისად ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილი, რომ მათთვის აშშ არ არის შენი მოკავშირე.
აქ ჩნდება კითხვა თუკი ევროკავშირი არ არის შენი მოკავშირე და აშშ მაშინ ვინღა არის ?,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.