15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი," "ლელო," "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" - "კურიერის" ინფორმაციით, ოპოზიციაში, სავარაუდოდ, ახალი კოალიცია იქმნება

ახალი კოალიცია ოპოზიციაში – "კურიერის" ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებელი," "ლელო საქართველოსთვის," "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" სავარაუდოდ ახალ გაერთიანებას ქმნიან. მუშაობა უკვე დაწყებულია.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პროევროპულმა პარტიებმა ძალები გააერთიანონ და ისინი ნამდვილად აპირებენ უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას.

"ჩვენ, პროევროპელებმა ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. ეს უნდა იყოს ფართო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროკავშირის კანდიდატის  სტატუსს. ნამდვილად ვაპირებთ უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას, როგორც პოლიტიკურ, ასევე, არაპოლიტიკურ ჯგუფებთან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თუმცა, ინფორმაციას არ ადასტურებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, არანაირ კოალიციაზე საუბარი არაა.

"ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი კოალიციის ფორმირებაზე, ამ ეტაპზე, არ არის საუბარი. ჩვენ საერთო ღირებულება ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან გვაქვს, რომელსაც სურს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება და დემოკრატიის აღდგენა ჩვენს ქვეყანაში," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები