15 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
"მოზონდერო ელემენტი, რომელიც განსხვავებულ აზრს ებრძვის ყველა მეთოდით" - ენმ-ის ლიდერებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ისევ ისმის ურთიერთბრალდებები მომხდარი ინცინდენტის გარშემო. ერთ-ერთი ბრალდების საფუძველზე, გუშინ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თენგო სანაია, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა. ის ირწმუნება, რომ მუმლაძის პროვოკაციის მსხვერპლია და მის მიერ გავრცელებული მიმოწერა ყალბია. თენგო სანაია გიორგი მუმლაძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, არ ადასტურებს.

თავად მუმლაძე საპირისპიროს ამტკიცებს და ისევ აცხადებს, რომ მას კრიტიკული აზრის გამო მელია და მისი მხარდამჭერები ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. როგორც გიორგი მუმლაძე ამბობს, თენგო სანაია ნიკა მელიას ზონდერ ჯგუფის წევრია.

"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამტკიცებს, რომ მას სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს, თუმცა ამბობს, რომ ყველა ის ფაქტი გაასაჯაროვა, რომელიც მის მიმართ სავარაუდო ზეწოლასა და მუქარას ეხება.

"ჩვეულებრივი მოზონდერო ელემენტი, რომელიც განსხვავებულ აზრს ებრძვის ყველა მეთოდით. ჩემს მიმართ გუშინ რა ისტერიაც იყო, რომ თითქოს თანამებრძოლი დააჭერინა და რაღაც... ჯერ ეს ერთი, იცოდნენ, რომ ეს კაცი იყო გამოკითხვაზე გადაყვანილი, ასევე იცოდნენ, რომ მე პოლიციისთვის არ მიმიმართავს, საჯარო განცხადება დავდე და აღვნიშნე, რატომ დავდე ეს განცხადება. დავდე იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა ტიპის სიბინძურეს და პროვოკაციას აქვს ჩემს წინააღმდეგ ადგილი, ხალხისგან, რომელიც მზად არის, რომ განსხვავებული აზრის გამო გამისწორდეს, მათ შორის ფიზიკურად. მტკიცებულებები საჯაროა, გუშინ დამირეკეს პოლიციიდან და მე მათ პირდაპირ განვუცხადე, რომ მე არ ვენდობი მათ და არ ვაპირებდი მათთან მისვლას," - ამბობს გიორგი მუმლაძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

"აღიძრა საქმე ამ ფაქტზე, ვმუშაობთ და თუ რამე გამოიკვეთება აუცილებლად გაცნობებთ," - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები