საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბუქარესტში დასრულებულია. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამართა, სადაც პრეზიდენტი გაფართოებული შემადგენლობით იმყოფებოდა.
შეხვდა სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს.
ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა მის რუმინელ კოლეგას და პრემიერ-მინისტრს. გაფორმდა დოკუმენტი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა უცნობი ჯარისკაცის საფლავიც და მემორიალზე გვირგვინი მიიტანა.
საქართველოს პრეზიდენტი ეწვია წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერსაც, სადაც მას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა უმასპინძლა. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ "ქართულ ოთახში" საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.
"ასეთი დემონსტრირება იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენს გვერდით დგას თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ნატოს გზაზე, ასეთი ყველა მხრიდან იყო გამოთქმული. ძალიან დიდი მტკიცებულებით, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე სვლა და რომ რუმინეთი მზად არის ყველა მხრიდან დახმარება გაგვიწიოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.