გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს ოპოზიციის ნაწილი დაუჭერს. მათ შორის არის "ნაციონალური მოძრაობა" და "გირჩი".
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრი, დავით კირკიტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი იდეალური ვარიანტი არ არის, მზად არიან მას მხარი დაუჭირონ.
"ჩვენი პროგრამით, რომელიც დეკლარირებული გვაქვს, საერთოდ, გენერალური პროკურორის კანდიდატურა შერჩეული უნდა იქნას არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების მიერ და მთლიანად დაცლილი უნდა იყოს გენერალური პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იდეალური ვარიანტი, ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ბევრად ჯობია კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა იმ წესს, ვიდრე გვაქვს დღეს," - აცხადებს დავით კირკიტაძე.
ცვლილების მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფს "გირჩი", თუმცა, მისი თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას მხარს დაუჭერს.
"ჩვენ ამ ცვლილების მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება გვაქვს. გვჯერა, რომ საქართველოს პროკურატურა ამ ცვლილებების მერე ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც ცვლილებამდე იყო. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ცვლილებები არაფერს არ შეცვლის, მაგრამ ჩვენ როგორც კონსტრუქციულმა ძალამ, რომელიც პროცესში ღებულობს მონაწილეობას, ჩვენ მხარს დავუჭერთ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.