02 ივნისი 2024,   20:39
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვის ფაქტზე.

გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ა.თ. პერმანენტულად ცხოვრობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ.-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის მედიამ გაავრცელა ვიდეო-მასალა, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ქართველი, 1993 წელს დაბადებული ასმათ თავაძე დააკავეს.

 

დღის ამბები