პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქარტიის იდეას მომავალი არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიცია, რომლის ახალი ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი გახდა, რეალობასა და მარცხს უნდა შეეგუოს, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი არა ომი, არამედ მშვიდობაა.
"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ახალ როლს, მას არ შეურჩევია ეს როლი თავად, მას განუსაზღვრეს ეს როლი. ჩემი გადმოსახედიდან, ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა. საერთოდ, რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე? ერთი რამ მინდა საზოგადოებას შევახსენო: ჩვენ კარგად ვხედავთ, რა ხდება ამ ქარტიის გარშემო, ადამიანებს, ოპოზიციურ პარტიებს საერთოდ დაკარგული აქვთ თავმოყვარეობა. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ რეზიდენტად და აღარ გავაგრძელებ, რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, დღეს მის გარშემო არიან გაერთიანებულნი და მათ თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით - სალომე ზურაბიშვილით და ამ რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან.
ჯერ ერთი, მოვისმინე მისი ახალი შეთავაზება, რომ ჯერ თურმე უნდა მოუგონ ქართველ ხალხსა და "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში, ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, ამ ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს, შემდეგ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები, შემდეგ ახალ არჩევნებში უნდა შეიყვანონ ქვეყანა ერთი წლის თავზე - რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მის გარშემო შეკრებილი ყველა "ლუზერისთვის". ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. უამრავი გამოწვევა გვაქვს, ჯერ კიდევ დაუძლეველია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემა გვაქვს, ამიტომ ამ პრობლემებზე არის საჭირო ფოკუსირება და მეტი კონცენტრირებული მუშაობა," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.