შრომის ინსპექციამ რუსთავის საკრებულო დააჯარიმა - მიზეზი აპარატში დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და შევიწროების ფაქტები გახდა. ირკვევა, რომ საკრებულოს თავჯდომარე და მისი მოადგილეები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აპარატის თანამშრომლებს ავიწროებდნენ. ასევე უზღუდავდნენ კანონით გათვალისწინებულ მომსახურებებზე წვდომას.
დასკვნაში შრომის ინსპექცია წერს, რომ პოლიტიკური ნიშნით შევიწროება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის" წევრია. აპარატში დასაქმებული თანამშრომლები კი ქართულ ოცნებას წარმოადგენენ.
შრომის ინსპექციის მხრიდან გამოქვეყნებული ოქმის შინაარსით ირკვევა, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ჰქონდა ადგილი რუსთავის საკრებულოში. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე არის გიორგი გახარიას პარტიის წევრი. ნოდარ შეროზია და აპარატის თანამშრომლები მას შევიწროებასა და მათი უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
"თვითონ საკრებულოს თავმჯდომარეც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ მან შემომთავაზა მე, რომ დამეტოვებინა თანამდებობა და მის მრჩევლად გადავსულიყავი. მე რომ ამაზე არ დავეთანხმე ამის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე საკითხებს აღარ მაწერდა და პირდაპირ განყოფილების უფროსებს აწერდა. ამის შემდეგ შეფასება გამიკეთა, რომელიც საჯარო სამსახურის კანონის გვერდის ავლით იყო გაკეთებული," – აცხადებს საკრებულოს აპარატის უფროსი არჩილ ძამაშვილი.
"კურიერი" საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ საკრებულოში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არ ჰქონდათ საშუალება თავიანთი უფლებამოსილება განეხორციელებინათ. მათივე თქმით, შეეზღუდათ საწვავი, გადაადგილების უფლება და ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნათ.
"მქონდა დავალება ბატონი თავმჯდომარისგან, რომ უნდა დამესახელებინა მე თანამშრომლები, ვის გაშვებასაც შემდგომში ის შეძლებდა. მან ის ფაქტიც აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილი არის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახით, რომ ისინიც აძალებდნენ ამ ფაქტს, რომ მათაც სჭირდებოდათ კადრების დასაქმება. სტრესი იყო ეს ჩემთვის ძალიან დიდი, ემოციური ნიადაგიდან გამომდინარე საკმაოდ აისახა ეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე," - აცხადებს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი გვანცა ბირთველიშვილი.
ნოდარ შეროზია ბრალდებებს უარყოფს - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მედიასთან აცხადებს, რომ არც წარსულში და არც მომავალში, მითუმეტეს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს.
"შრომის ინსპექციამ ამ გადაწყვეტილებით შეასრულა "ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ. არჩილ ძამაშვილი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც ახლად არჩეულ საკრებულოს ოპოზიციურ დეპუტატებს არ უშვებდა რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში და რამდენჯერმე დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება დღეს ჩაგვბარდა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ," - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.