26 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ საქართველოს, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი ქვეყნის კონცეფცია წარედგინათ.
 
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა იყოს ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა.
 
"ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა. სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin-ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი.
ყველას ნათლად გვესმის, რომ გლობალურ ასპარეზზე წარმოჩენასთან ერთად აღნიშნული მისცემს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რასაც ITB Berlin-ი გვაძლევს," – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
ვიცე-პრემიერმა ასევე მოუწოდა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველო წარმოჩინდეს საუკეთესოდ და ჩვენი ქვეყნის მასპინძლობა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე იქცეს დასამახსოვრებელ მოვლენად, საერთაშორისო მასშტაბით.
 
ამავე შეხვედრაზე შედგა ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის კონცეფციით მომზადდა სახელწოდებით - სტუმარი. აღნიშნული ვიდეორგოლი გამოყენებული იქნება ITB Berlin-ის პლატფორმაზე.
 
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს
მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
 
მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნებრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.
დღის ამბები