19 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
ე.წ. ქურდული მრიცხველი ვალის დასაბრუნებლად - ბანკის ვალის გამო დაწყებული "ქურდული გარჩევა", რომელიც ყველა მონაწილის პატიმრობით დასრულდა

ე.წ. ქურდული მრიცხველი ვალის დასაბრუნებლად - პოლიციამ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა, რომლებიც მიხეილ მაღალდაძეს იმაზე მეტ თანხას საძალავდენ, ვიდრე მას ვალად ჰქონდა აღებული.

საქმის გარჩევის ორი ფიგურანტი ქალია. მაია დობორჯგინიძემ, მას შემდეგ, რაც ქმრის ახლობელმა ვალი არ დააბრუნა, საქმეში კრიმინალები ჩარია. ახლა ის, სწორედ ამ ბრალდებით არის დაკავებული.

დგინდება, რომ სასტუმროს მფლობელმა, გასესხებული თანხის დაბრუნება არაკანონიერი გზებით სცადა.

ქალმა ქმრის მეგობარს ბანკიდან სესხი გამოუტანა, თუმცა შემდეგ მევალემ თანხის გადახდა აღარ მოისურვა.

საქმის გასარჩევად, "ქურდული სამყაროს" წევრებს დახმარება მეორე მხარემაც სთხოვა. ამით კი, მოცემულობა სრულიად შეიცვალა. თუ აქამდე მიხეილ მაღალდაძეს ვალი 22 000 ჰქონდა, "ქურდური გარჩევით" თანხა 20 000-ით გაიზარდა. მისგან "შავი სამყაროს" წარმომადგენლები 42 000-ის მიტანას, მუქარითა და შეურაცხყოფით ითხოვდნენ.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. დუმილის უფლებას იყენებენ და ვიდეო თუ აუდიო მტკიცებულებების მიუხედავად, თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

ხუთივე დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. მოსამართლემ ყველა მათგანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმე ახლა არსებით განხილვაზე გადადის.

მაია დობორჯგინიძის გარდა, ყველა დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებს ახლა 3-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები