26 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
გერმანიის მთავრობა მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ - ნიკოლოზ სამხარაძე 

ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. შეხვედრები გაიმართება ბუნდესტაგში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მთავარი მიზანი, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესშიგერმანიის მხარდაჭერის მოპოვებაა. საპარლამენტო დელეგაციას დილიდან შეხვედრები რაიხსტაგში აქვს.

სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროინტეგრაციის პარალელურად განიხილება რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

ამასთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერის მეთაურობით მთავრობა მომართულია, დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ.

"გერმანიაში თითქმის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, ვისაც ჩვენ შევხვდით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას. ასეთი რამ, თუნდაც, ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიზიტით ვიყავით ბერლინში, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. ეს ცვლილება გადათარგმნილია უკვე სამთავრობო პროგრამაშიც. დაგვიდასტურეს, რომ მთლიანად მთავრობა, კანცლერის მეთაურობით, მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროინტეგრაციის გზაზე მთვარობას რომ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს, ამაზე საუბრობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარეც. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის და მმართველი ძალის ერთობლივი მუშაობა. 

"ამ შესაძლებლობების ფანჯარა განსაკუთრებით გამოსაყენებელია და აქ უდიდესი როლი, რა თქმა უნდა, აქვს ხელისუფლებას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ 12 პუნქტის შესრულებაში პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციასაც. ერთობლივი მუშაობა და ევროპის საკითხებში ერთ მხარეს დგომა არის გადამწყვეტი ჩვენი პარტნიორებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში," - აცახდებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები