17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
2 მოკლული და ორი ბრალდებული - სისხლიანი გარჩევა სოფელ ეცერში

2 მოკლული და ორი ბრალდებული - სისხლიანი გარჩევა სოფელ ეცერში. დაკავებულები ბრალს უარყოფენ და მომხდარზე საუბარს დუმილს არჩევენ. 28 წლის გიორგი პაკელიანის მკვლელობისთვის ბრალი მის თანასოფლელს, 71 წლის როლანდ აფრასიძეს წაუყენეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება სწორედ აფრასიძის სახლში დაიწყო. პაკელიანის გარდა, ცეცხლნასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა ბრალდებულის შვილი, 30 წლის გურამ აფრასიძეც.

დანაშაულს არ აღიარებს კიდევ ერთი დაკავებული - მესაზღვრე პოლიციელი გიორგი ცინდელიანი, რომელიც აფრასიძეების სახლში კონფლიქტის დროს იმყოფებოდა. ის მოკლული პაკელიანის მეგობარი და თანამშრომელი იყო. ცინდელიანს 30 წლის გურამ აფრასიძის მკვლელობას ედავებიან.

შეიარაღებული დაპირისპირება სოფელ ეცერში ბედობის ღამეს მოხდა. ნასვამ მამაკაცებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. პაკელიანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, გურამ აფრასიძე კი, კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. შემთხვევის დროს, დაშავდა რამდენიმე პირი, მათ შორის მოკლული გურამ აფრასიძის დედა, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

ბრალდებულების ადვოკატები მომხდარის მოტივზე საუბარს ერიდებიან. გავრცელებული ვერსიით კი, სისხლიანი გარჩევა, გვარებს შორის წლების წინ არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

იმის გამო, რომ მკვლელობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ცინდელიანი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, მის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. 71 წლის როლანდ აფრასიძის ნაწილში კი ძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა განაგრძობს. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები