17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
კორუფციული სკანდალი გრძელდება - ევროკავშირის არსებობის ისტორიაში, უდიდესი დანაშაულის მონაწილე პირთა სია ფართოვდება

ევროკავშირის არსებობის ისტორიაში, უდიდესი დანაშაულის მონაწილე პირთა სია ფართოვდება. ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე ევროპარლამენტმა კიდევ ორი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო.

საერთაშორისო მედიის ცნობით, საუბარია სოციალ დემოკრატიული ჯგუფის წევრებზე, ანდრია კოცოლინოსა და მარკ ტარაბელაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ "საგანგებო პროცედურა" ბელგიის სასამართლო ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ევროპარლამენტის ინფორმაციით, მეცოლა დოკუმენტს ოფიციალურად 16 იანვარს, პლენარულ სხდომაზე გამოაქვეყნებს და შემდეგ რეკომენდაციების მოსამზადებლად სამართლებრივ საკითხთა კომიტეტს გადასცემს. პროცესი 13 თებერვლისთვის უნდა დასრულდეს. 

რობერტა მეცოლამ იმუნიტეტი უკვე მოუხსნა და მანდატი შეუჩერა ვიცე-პრეზიდენტს ევა კაილის, რომელიც ამავე კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს. საუბარია კატარის ინტერესების ლობირებაზე. ბელგიის პროკურატურაში ეჭვი აქვთ, რომ ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სპარსეთის ყურის ქვეყანა გავლენას ახდენდა, ოფიციალური პირების მოსყიდვის გზით. ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში უკვე ჩაატარა 16 რეიდი და 6 ადამიანი დააკავა. მათ შორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტიც. დაკავებულებს შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, პიერ ანტონიო პანძერი, რომელსაც შესაძლოა ლობისტური საქმიანობა არა მხოლოდ კატარის, არამედ მაროკოს სასარგებლოდაც დაუდასტურდეს.

რეიდის შემდეგ, პოლიციამ დააყადაღა 600 ათასი ევრო. მედიის ცნობით, ამ თანხის ნაწილი თან ჰქონდა ევა კაილის მამას, რომელიც ბრიუსელში, ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნით დააკავეს. ბერძენი ევროპარლამენტარი და წარსულში ტელეწამყვანი, რომელსაც ბრალს კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში სდებენ, სოციალისტური პარტიის, პასოკის წევრი იყო. კაილი უკვე გარიცხეს პოლიტიკური გაერთიანებიდანაც. ევროპელი კანონმდებელი ბოლო პერიოდში აცხადებდა, რომ კატარი მუშათა უფლებების დაცვის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, მაშინ როცა იქ დაფიქსირებულმა არაერთმა დარღვევამ მსოფლიოს სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ანალიტიკოსების შეფასებით ევროპარლამენტს ასეთი კორუფციული სკანდალი ჯერ არ ახსოვს. არ არის გამორიცხული დანაშაულებრივ სქემასთან კავშირში მყოფი პირების სია გაფართოვდეს.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები