19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
1923 წლის შემდეგ პირველად, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია

ბოლო ასი წლის განმავლობაში პირველად, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია. მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში 1923 წლის შემდეგ არ მომხდარა.

რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარტიმ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა აქვთ, მაკარტიმ კენჭისყრაში მხოლოდ 203 ხმის მოპოვება შეძლო.

ამასთან, წარმომადგენელთა პალატის სპიკერობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან კევინ მაკარტის განცხადებით, იბრძოლებს, რომ მნიშვნელოვანი იქნება ამერიკელი ხალხი და არა ცალკეული ინდივიდები. 

"დაძაბული თათბირი იყო და ამას მიზეზი ჰქონდა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. ვიყავი ლიდერი 4 წლის განმავლობაში, როცა ამ პოზიციაზე მოვედი, ჩვენ გვყავდა 200-ზე ნაკლები წევრი. ახლა უმრავლესობაში ვართ, ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკულ საზოგადოებას ამერიკისადმი ერთგულება.

დგება დრო, როცა ჩვენს საკუთარ წევრებთან უნდა გვქონდეს დისკუსია, განიხილავენ თუ არა თავიანთ პოზიციებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა ქვეყნისთვის. გასული 2 თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ იმ კანონების შემუშავებაზე, რომელიც უფლებამოსილებას ყველა წევრს მიანიჭებდა.

მაგრამ ჩვენ ზოგიერთ წევრს სხვაზე მეტ უფლებამოსილებას არ ვანიჭებთ. მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ წინ ამერიკელი ხალხი დავაყენო და არა რამდენიმე ინდივიდი, რომელთაც საკუთარი თავისთვის უნდათ რაღაც. ჩვენ შეიძლება ვკამათობთ, მაგრამ ეს კამათი ემსახურება აზრთა გაცვლასა და ქვეყანას,"-აცხადებს კევინ მაკარტი.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის სპიკერობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან, მას ასარჩევად სულ მცირე 218 ხმა სჭირდება. 212 თანაპარტიელის ხმა მიიღო ჰაკიმ ჯეფრისმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომა დღეს , 4 იანვარს განახლდება.

"დღეს, პირველად 100 წლის განმავლობაში, წარმომადგენელთა პალატას წარუმატებელი გახსნის დღე ჰქონდა. სამწუხარო დღე წარმომადგენელთა პალატის, როგორც ინსტიტუტისთვის. სამწუხარო დღე დემოკრატიისთვის. სამწუხარო დღე ამერიკელი ხალხისთვის. პალატის დემოკრატები არიან ერთიანი, არიან მზად და შეუძლიათ ყოველი ამერიკელის სახელით მუშაობა. ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ საერთო ენა მეორე მხარესთან, რათა გადავჭრათ პრობლემები. მაგრამ ჩვენ არ გვყავს ამის მოსურნე პარტნიორები პალატის რესპუბლიკელებში,"-აცხადებს ჰაკიმ ჯეფრისი.

დღის ამბები