17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
ქართველი შეფმზარეულის სასტიკი მკვლელობა მოსკოვში - რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ სოსო ბერაია ტაჯიკეთის მოქალაქე ქალმა

მკვლელობა სამზარეულოს დანით - რუსეთში ქართველი შეფ-მზარეული, 51 წლის მამაკაცი დამლაგებელმა ქალმა მოკლა. სასტიკი დანაშაულის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს დანის რამდენჯერმე დარტყმის ფაქტი, რის შემდეგაც დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

სოსო ბერაია მოსკოვში, ქართულ რესტორანში ბოლო რამდენიმე წელი მუშაობდა. მკვლელი იმავე ობიექტის ახალი თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის დამნაშავე ქალი, ტაჯიკეთის მოქალაქეა და რესტორანში რამდენიმე კვირის წინ დასაქმდა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მკვლელობამდე თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მზარეულის და დამლაგებლის გაშველება რესტორნის სხვა თანამშრომლებმა უშედეგოდ სცადეს. ერთ-ერთი ვერსიით, დამლაგებელი ქართველ მზარეულს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა და კონფლიქტიც ამას მოჰყვა. რამდენიმე წუთში კი, დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

მომხდარზე აქტიურად წერს ადგილობრივი მედია. რუსული პრესის ცნობით, დამნაშავე ქალმა გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე, საკუთარ სახლთან აიყვანა. რესტორანში, სადაც დანაშაული მოხდა, "კურიერს" შეკითხვებზე არ უპასუხეს.

მეტი ინფორმაცია აქვთ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს. "კურიერი" ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა. ირკვევა, რომ სოსო ბერაიას გულის არეში 5 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სოსო ბერაია ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთში მუშაობდა. მისი ოჯახი სამეგრელოში ცხოვრობს. "კურიერი" ხობში იმ სახლში მივიდა, სადაც გარდაცვლილი უახლოეს დღეებში უნდა ჩამოასვენონ. ცნობილია, რომ რუსეთის საგამოძიებო უწყებამ ცხედრის ექსპერტიზა უკვე დაასრულა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ცხედრის გადმოსვენებას 2 დღე დასჭირდება. პარალელურად გრძელდება გამოძიება. სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს თვითმხილველები. სხვა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შემთხვევის ადგილზე. რესტორანი, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა, ჯერ ისევ დახურულია.

 

 

დღის ამბები