17 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
სოლედარი ცეცხლის ალშია გახვეული- რუსულმა არმიამ ბახმუტიდან 10 კილომეტრში მდებარე ქალაქი ნაწილობრივად ალყაში მოაქცია

დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში განუწყვეტლივ ისმის სროლისა და დაბომბვის ხმა. უკრაინის გენერალური შტაბის გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს რუსი სამხედროების პოზიციები, რომლებიც ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბნიდან ცდილობდნენ უკრაინელ სამხედროებზე შეტევას.

სოლედარიდან ფოტოს ავრცელებს რუსული სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი. ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სოლედარს მისი მებრძოლები სრულად აკონტროლებენ, უკრაინელი სამხედროების ნაწილი ტყვედ აიყვანეს, ნაწილი კი ალყაში ჰყავთ მოქცეული. დაჯგუფება ვაგნერის ინფორმაციას არ ადასტურებს ოფიციალური კიევი. უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქიდან ვიდეომიმართვებიც გაავრცელეს.

სოლედარი ბახმუტთან ერთად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია. სწორედ ამიტომ, მეთერთმეტე თვეა, რაც ორივე ტერიტორიაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინელი ჯარისკაცების ინფორმაციით, ბახმუტს მთლიანად ისინი აკონტროლებენ, ქალაქის მისადგომებთან კი ბრძოლა გრძელდება.

სწორედ დონეცკის ოლქში არსებულ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

არ ნებდება და შეტევებს არ წყვეტს რუსეთიც. ბოლო 24 საათში საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტოვსკის ოლქზე, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსმა სამხედროებმა 40-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. რუსეთმა ისევ საცხოვრებელი სახლები დაბომბა ხერსონში, შედეგად არიან დაღუპულები.

საომარ მოქმედებებს არ წყვეტს, თუმცა ომში დიპლომატიის ჩართვას არ გამორიცხავს რუსეთი. ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინის პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაჭრას. დიმიტრი პესკოვის თქმით, ყველაფერი დასავლეთისა და კიევის პოზიციაზეა დამოკიდებული. შედგება თუ არა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები, ეს გაურკვეველი რჩება. ოფიციალურ კიევს მოსკოვისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია. ვიდრე პრეზიდენტები გადაწყვეტენ, დასხდნენ თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლა გრძელდება და ომს ყოველდღიურად მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

დღის ამბები