17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
შოიგუს, ნარიშკინის და სხვა რუსი ოლიგარქების შვილების ძვირადღირებული დასვენება ევროკავშირის ქვეყნებში მაშინ, როცა მამები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ

რუსი მაღალჩინოსნების შვილების დასვენება იმაზე მეტი ღირს, ვიდრე სხვების სიცოცხლე. მაშინ, როდესაც მათი მშობლები მათივე თანამოქალაქეებს ომში საზარბაზნე ხორცად იყენებენ და ამასთან, მეზობლის ტერიტორიის მიტაცებას ცდილობენ, შვილები მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას მშვიდად განაგრძობენ. ისინი, ვისაც მშობლებისგან განსხვავებით სანქციები ასცდათ.

მასალას სათაურით "საკურორტო დესანტი" - საგამოძებო პორტალი THE INSIDER აქვეყნებს, სადაც რუსი ძალოვნების შვილების გართობის მარშრუტია ასახული. აღმოჩნდა, რომ მკვეთრად ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული რუსი პოლიტიკოსების შვილები, სამოგზაუროდ სწორედ ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ირჩევენ.

მაგალითად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ქალიშვილი ვერონიკა - ბოლო პერიოდში საბერძნეთს, იტალიასა და თურქეთს სტუმრობდა. საახალწლოდ კი მეგობართან ერთად კუნძულ ბალიზე გაემგზავრა და AYANA-ს ფეშენებელურ სასტუმროში დაბინავდა. “ოცნებები უნდა ხდებოდეს” - ასეთი კომენტარით გამოეხმაურა მეგობარი ნარიშკინას ფოტოს სერფინგის დაფით ხელში. სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ ომის შემდეგ იყო სეიშელები და თინუსის დაჭერის მასტერკლასიც, რის შემდეგაც ნარიშკინა, სავარაუდოდ, მოსკოვის იმ ბინაში დაბრუნდა, რომლის ღირებულებაც, გამოცემის ცნობით, 60 მილიონი რუბლია. ცნობისთვის, ვერონიკა ნარიშკინას სახელზე არაერთი კომპანიის წილი გვხვდება, რომელიც რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ქალიშვილი ქსენია მოსკოვურ ყინვებს ბლოგერ ქმართან ერთად დუბაიში გაექცა. საახალწლოდ, მაშინ როდესაც დონბასში სასტიკი ბრძოლები მიდიოდაა. წყვილმა სასტუმრო, Caesars Palace-ი შეარჩია, რომლის ნომერიც სულ მცირე ნახევარი მილიონი რუბლი ჯდება. სოც-ქსელში გვხვდება მისი ფოტო აბუ-დაბიდანაც. გამოცემა წერს, რომ მდიდრული ცხოვრების რესურსები ქსენიას მამის კავშირებისა და კორუფციული საქემების წყალობით აქვს. თუმცა მისსავე კარიერულ საფეხურებში ვხვდებით თანამდებობებს საინვესტიციო კომპანიებში და "გაზპრომბანკშიც" კი,სადაც ის ოლიგარქულ ფონდებში ფინანსებს განაგებდა.

კონტრასტულია მამა-შვილი ჯაბაროვების ამბავი. ვიდრე ანტიამერიკელი სენატორი ვლადიმერ ჯაბაროვი,რუსეთის ოპოზიციაში უცხოური აგენტებისა და ამერიკული კავშირების გამოვლენითაა დაკავებული, მისმა ვაჟმა, ცოლთან ერთად კალიფორნიული ვოიაჟი მოასწრო სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჟელესში. ფედერაციული საბჭოს წევრი მამისგან განსხვავებით სანქციებში შვილი არ მოხვედრილა, ამიტომ შვედეთი და ნორვეგიაც წარმატებით შემოიარა. The Insider-მა ალექსანდრ ჯაბაროვს ოფშორებში 17,5 მილიონი დოლარიც უპოვა.

რაც შეეხება ფედერაციული საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს ვაჟს, სერგეის - მან კაპიტალი დედის გუბერნატორობის დროს მოაგროვა პეტერბურგში. მისი მეუღლე იულია კი უკრაინაში ომის ფონზე, იტალიურ ვილებში დასვენებას ამჯობინებს,მოსწონს კამბოჯა და თურქეთი. საახალწლოდ მალდივებშიც მოასწრო ჩარბენა. სასტუმრო Waldorf Astoria-ში ღამე 3 000 ევრო ჯდება. დუმის ვიცე-სპიკერის, ალექსანდრ ჟუკოვის რძალი კი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსს ამჯობინებს. ახალი წელი მანაც ბალიზე აღნიშნა.

The Insider-ი წერს,რომ მოკრძალებული იყო რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის შვილის მარშრუტი. რომელმაც, მეუღლესთან ერთად დასასვენებლად მიტაცებული ყირიმი არჩიეს. რძალი, ალიონა გერასიმოვა სოციალურ ქსელში სასტუმრო Porto Mare-ს ხალათში გვხვდება.

დღის ამბები