17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ტრაგედია თბილისში - ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. 

ტრაგედიის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, არმენ სარქისოვმა ლიფტი მეექვსე სართულზე გამოიძახა, კარი გაიღო თუმცა კაბინა ადგილზე არ მივიდა და ახალგაზრდა კაცი შახტში ჩავარდა. მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა. დაღუპული 35 წლამდე ცოლ-ქმრის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

მეზობლების ინფორმაციით დაღუპულ ცოლ-ქმარს 4 წლის შვილი დარჩათ. მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ აქამდე ლიფტის პრობლემა არ არსებობდა და გამგეობისთვის განცხადებით არ მიუმართავს.

ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ ისნის რაიონის მაჟორიტარი-დეპუტატი და გამგებელი. მათი განმარტებით, მომხდარის დეტალებს საგამოძიებო უწყებები დაადგენენ. ამბობენ, რომ ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით, გამგეობაში ინფორმაცია შესული არ იყო.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეტა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს და რამაც ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები