19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 130-მდე საჰაერო იერიში მიიტანა - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

მძიმე ბრძოლები უკრაინაში - ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაჭრილია 73 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ოკუპანტებმა 63 სარაკეტო იერიში განახორციელეს სუმის ოლქის საზღვარზე. დაიბომბა რამდენიმე დასახლება. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მასობრივი დარტყმების გამო ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ურთულესი ვითარებაა ხარკოვისა და კიევის ოლქებში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა იპოვის და სამართლის წინაშე პასუხს აგებინებს ყველას, ვინც ქვეყანაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებში იღებს მონაწილეობას.

"რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი მძიმე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ტერორისტების სამიზნე იყო კიევი, ხარკოვი, ოდესა, კრივი რიჰი, დნიპრო, ვინიცა, ლადიჟინი, ბურშტინი, ლვოვის ოლქი, ხმელნიცკი და სხვა ქალაქები. ქალაქ დნიპროში რუსული დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. შენობის ყველა სართული - მეორიდან მეცხრემდე - რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა - დაჭრილებს, ტრავმირებულებს, მკურნალობა უტარდებათ. მათ შორის არიან ბავშვები , ყველაზე პატარა გოგონა სამი წლისაა. ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება... შესაძლებელია რუსული ტერორის შეჩერება? - კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, უკრაინაში ბრძოლის გარეშე? - სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? - ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან. არანაირ დარწმუნებებს ან დროს არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის რას და როგორ შეუძლია მათი გაჩერება, ვინც სიკვდილს თესავს. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო რაშიზმმა! მტერი ჩვენს პასუხს ბრძოლის ველზე აუცილებლად მიიღებს. ვიპოვით ყველას, ვინც უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობს და სამართლის წინაშე აგებს პასუხს," - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის ცნობით, ბოლო 24 საათში ოკუპანტმა უკრაინის ტერიტორიაზე 130-მდე საჰაერო შეტევა მიიტანა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 130-მდე საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, რომლის სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. გამოიყენა S-300/S-400 საზენიტო რაკეტები უკრაინის დედაქალაქსა და დასახლებულ რაიონებზე სარაკეტო დარტყმებისთვის. ასევე, გაუშვა 41 საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტა. ჩვენმა დამცველებმა 26 ჭურვი გაანეიტრალეს. საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება. მტერს კვლავ სურს დონეცკის ოლქის მთლიანად ხელში ჩაგდება. მისი ძალისხმევის დიდი ნაწილი ახლა ბახმუტისკენ არის მიმართული. მტერი განიცდის დანაკარგს როგორც ტექნიკის ასევე ადამიანური თვალსაზრისით. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ავიაციამ 5 იერიში მიიტანეს ოკუპანტებზე, ჩამოაგდო "ორლან-10" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი," - ამბობს სტუპუნი.

დღის ამბები