19 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
თავდამსხმელი ჩაკეტილი ადამიანი იყო, არ კონტაქტობდა მეზობლებთან - რას ჰყვებიან საგარეჯოში მომხდარზე ადგილობრივები

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, "კურიერის" გადამღები ჯგუფი ახლა რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მუშაობს, როგორც ცნობილია ოქროს მოწმე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. ის თავდამსხმელის შვილია, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, მაგრამ შენობის დატოვება შეძლო.

რაც შეეხება თავად შემთხვევის ადგილს, მოსახლეობა იხსენებს დეტალებს, თუ როგორ გადარჩნენ და ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში  ფაქტობრივად შოკურ მდგომარეობაში იყვნენ, მათი ნაწილი გამოკითხვაზეც იყო მისული.

ამბობენ, რომ პირველი გასროლის ხმა დაახლოებით პირველიდან 2 საათამდე მონაკვეთში გაიგეს. როგორც უმეტესობა ამბობს, რაიმე სახის კონფლიქტის შესახებ მათ არაფერი გაუგიათ, თუმცა ვერც გამორიცხავენ. თავდამსხმელი ეტაპობრივად ხსნიდა ცეცხლს, რა დროსაც დაშავებულთა რაოდენობა მატულობდა.

ადგილობრივებმა არ იციან თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი. ამბობენ, რომ პირს იცნობდნენ, იყო საკმაოდ ჩაკეტილი, არ კონტაქტობდა მეზობლებთან და ეზოში ან მაღაზიაში თუ შეხვდებოდნენ მას შემთხვევით. ამაზე მეტი კომუნიკაცია მათ თავდამსხმელთან არ ჰქონიათ. ასევე, იციან, რომ ის იყო სამხედრო მოსამსახურე.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს - საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.

"კურიერის" კამერამ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი გადაიღო, მათ ეტყობათ თავდასხმის კვალი.

ადგილზე ერთმანეთის სიახლოვეს 3 კორპუსია განთავსებული და ირკვევა, რომ ერთ კორპუსში ცხოვრობდა როგორც თავდამსხმელი, ასევე დაშავებულები და გარდაცვლილები. ისინი ყველანი იყვნენ მეზობლები, გარდა გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომლისა, რომელიც ადგილზე დაიჭრა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა მხარის გუბერნატორმაც.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს. როგორც იცით, გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის სავარაუდო დამნაშავე და 1 პოლიციის თანამშრომელი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით დეტალებს დაადგენს გამოძიება," - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.

დღის ამბები