19 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
კრიტიკულად მძიმე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა, ამ ეტაპზე არ არის კონტაქტური - ექიმი

5 დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - გიორგი კიკნაძეს ჭრილობები მუცლის არესა და ქვედა კიდურებზე აქვს. მას თავდასხმის შედეგად დაუზიანდა არტერია, რის გამოც პაციენტმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მის გადარჩენას საგარეჯოს კლინიკაში ცდილობენ.

ამავე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ სამი დაშავებული, მათ შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთმა დღის განმავლობაში დატოვოს დაწესებულება. მას ქვედა კიდურებში აღენიშნება ცეცხლსასროლი ჭრილობები. ექიმები მის მდგომარეობას დადებითად აფასებენ და ვარაუდობენ, რომ რამდენიმე საათში ის ბინაზე გაეწერება.

კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და დაჭრილებს, რომლებსაც შეეძლოთ პოლიციის კითხვებზე ეპასუხათ, უკვე გამოკითხეს.

"კრიტიკულად მძიმე პაციენტს ცეცხლსასროლი ჭრილობები მუცლის ღრუში და კიდურის მიდამოში აქვს, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა. ამ ეტაპზე არ არის კონტაქტური.

5 მათგანს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა, ერთ-ერთი მათგანი არის გადაყვანილი თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში.

ამჟამად რჩება 4 პაციენტი, მათგან სამის მდგომარეობა სტაბილურია. ერთის კი კრიტიკულად მძიმეა, რომელიც ამ ეტაპზე განაგრძობს ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას," - განაცხადა ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დღის ამბები