სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი გაეცნენ.
რეგიონში ძლიერმა ქალმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკომპენსაციოდ, მთავრობის განკარგულებით, 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს.