17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ხარკოვში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 მძიმედ დაშავდა - უკრაინა ომის 341-ე დღეს

ერთი დაღუპული და 3 დაშავებული - საოკუპაციო ძალამ ხარკოვის ცენტრი "ს-300" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით დაბომბა. დანგრეულია ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი ნაწილი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. დაიბომბა კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საბავშვო ბაღის შენობა.

მასშტაბური იერიში მიიტანა აგრესორმა ხერსონზეც. ცეცხლი აქაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას გაუხსნეს. კრიტიკული დაზიანება მიადგა ქალაქის საავადმყოფოს. დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. ენერგოობიექტები გაანადგურეს რუსმა ჯარისკაცებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში. 2 დასახლებას ცეცხლი მძიმე შეიარაღებიდან გაუხსნეს.

იარაღის მიწოდებას უკრაინის მთავრობა დონეცკის და ლუგანსკის ოლქში ოკუპანტის იერიშის მოსაგერიებლად ითხოვს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული არმიის შეტევის მასშტაბებმა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ამის მიუხედავად უკრაინელი სამხედროების პოზიციების გარღვევას აგრესორი ვერ ახერხებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში განადგურებულია საოკუპაციო ძალის მძიმე ტექნიკა - ლიკვიდირებულია რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე პუტინთან სატელეფონო საუბარს იხსენებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ბორის ჯონსონი ამბობს, რომ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ჯონსონის მტკიცებით, კრემლის ლიდერმა უთხრა, რომ გაერთიანებულ სამეფოზე შეტევას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა. დოკუმენტური ფილმის ჩვენებამდე, სადაც პუტინი-ჯონსონის საუბრის ყველა დეტალი გახმაურდება, ბრიტანეთის ექს-პრემიერს კრემის პრეს-სპიკერმა უპასუხა და ჯონსონის განცხადებას სიცრუე უწოდა.

 

დღის ამბები