08 მაისი 2024,   19:54
ვრცლად
უკრაინელი ჯარისკაცების კვებაზე გამდიდრებული მაღალჩინოსნები - საკითხი, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა წამოჭრეს, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა გამოიძია

უკრაინელი ჯარისკაცების კვებაზე გამდიდრებული მაღალჩინოსნები - საკითხი, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა წამოჭრეს, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა გამოიძია. ირკვევა, რომ სურსათის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხებიდან 3 მილიონი დოლარი დაიკარგა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების შემდეგ, დღეს, ვრცელდება ცნობა, რომ პოსტს უწყების პირველი პირიც დატოვებს. ოლექსი რეზნიკოვთან დაკავშირებით განცხადება "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ გაავრცელა.

თავად რეზნიკოვისთვის საკადრო გადაადგილების შესახებ ცნობები, სიურპრიზი აღმოჩნდა. თავდაცვის ჯერჯერობით მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებასთან დაკავშირებით, არც პრეზიდენტთან და არც პრემიერთან ჰქონია საუბარი.

რეზნიკოვი წარმატებული არც საკუთარ უწყებაში იყო - ამაზე დამოუკიდებელი ჟურნალისტები საუბრობენ. მათი თქმით, ფაქტს ომის პირობებში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსნების კორუფციულ სქემებში მონაწილეობა მოწმობს.

თავდაცვის სამინისტროს სკანდალს მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი უკვე შეეწირა. გამოძიების ინფორმაციით, ის ჯარისკაცების კვებისთვის საჭირო პროდუქტებში საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტს იხდიდა.

კორუფციული სკანდალი მხოლოდ უკრაინის ძალოვან უწყებაში არ ხდება. ქვეყნის მმართველი ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის მოადგილეს ომის დროს მილიონნახევრად შეფასებული სახლის შეძენას ედავებიან, რომელიც რეესტრში გატარებულიც კი არ არის. ფაქტი პაველ ხალიმონის გარიცხვის მიზეზი გახდა.

გამოძიება, სავარაუდოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელითაც დაინტერესდება. ვალენტინ რეზნიჩენკო უკრაინელი ჟურნალისტების მტკიცებით, ოლქის აღდგენისთვის გამოყოფილი ფონდიდან თანხას მეგობარი ქალის კომპანიაში რიცხავდა.

ადგილობრივი მედია კორუფციის ათეულობით შემთხვევაზე წერს. საქმეები იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონის ყურადღებაც კი მიიპყრო. შეერთებულმა შტატებმა კიევს მიანიშნა, რომ ამერიკელი გადამხდელების მიერ გამოყოფილი თანხა, რასაც უკრაინა დახმარების სახით იღებს, მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს - ნებისმიერი სახის კორუფცია და თაღლითური სქემები კი გაიშიფროს.

დღის ამბები