თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მის სახლში, თავდასხმის მიზნით, უცნობი პირები მივიდნენ. შემთხვევა კვირას მოხდა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ორი მამაკაცი ჯერ მის სახლთან მივიდა, მას შემდეგ კი, რაც კარი არავინ გაუღო, ეზოში შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
ეძგვერაძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ის შესაბამის ორგანოებს გამოძიებისკენ და ამ პირების გამოვლენისკენ მოუწოდებს.
"წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან რადგან, ვფიქრობ, ეს ადამიანები იყვნენ პროვოკაციისთვის მოგზავნილები. აუცილებლად უნდა დადგინდნენ ეს პირები ვინ არიან, ვერ შემაშინებთ, არ შევშინდები, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მე პირადად, ერთი ადამიანი, პირადად ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს და შეგასკდებით ბოლომდე, არ დაგითმობთ არცერთ ნაბიჯს,"-აცხადებს ეძგვერაძე.
ბრიფინგს გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც მის მიმართ ძალადობაზე საუბრობს, თავადაც უნდა დაგმოს ის.
"მთავარია, რომ ჯერ ყველამ უნდა დაგმოს ძალადობა, ძალადობრივი აქციები, ინდივიდუალური თუ კოლექტიური და შემდეგ შეიძლება რაიმე ტიპის უსაფრთხოებაზე, თავის თავზე ისაუბროს ვინმემ. როცა შენ სხვისას არასდროს არ გმობ არაფერს და პირიქით - მოუწოდებ ძალადობისკენ, საზოგადოებაში არსებობს, სამწუხაროდ, განსხვავებული პოზიციები. ამიტომ, ყველამ უნდა მოუწოდოს, რომ ძალადობა დაგმობილ იქნეს ქვეყანაში,"-აცხადებს მაჭარაშვილი.