საინფორმაციო სააგენტო for.ge-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე, რომან გოცირიძეს ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება, თუმცა ამბობს, რომ თუკი ის რეალურია, ეს ხელისუფლების უკანონო მოქმედებაზე მიუთითებს.
"მგონია, ეს ფარული ჩანაწერები არ არის ნამდვილი. მაგრამ თუ ნამდვილია, მით უარესი ამ ხელისუფლებისათვის, რომელიც ეწევა უკანონო მოსმენებს. სუსი ავლენს თავის თავს კანონდამრღვევად," - ამბობს რომან გოცირიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მეორდება ის სცენარი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ხდებოდა.
"დეჟავუ მაქვს. მათ შორის, "ქართული ოცნების" მაშინდელ წევრებს რომ უვრცელებდა "შემთხვევით და ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერებს" "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის რეჟიმი,"-ამბობს ანა ბუჩუკური.
ფარულ ჩანაწერებზე წერს სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ ჩანაწერი ორი წლის წინ საჯარო შეხვედრის დროს არის გაკეთებული. ჩანაწერებს "ფეისბუქში" გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილიც.
შეგახსენებთ, რომ for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.
იქამდე, გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.
ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.
ამასთან, გავრცელდა ფარული ჩანაწერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მონაწილეობითაც.