03 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
წაუყენეს თუ არა ბრალი იმ ოჯახის წევრებს, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს - რამდენიმე საათიანი გამოკითხვა დასრულდა

სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები იმ ოჯახის წევრები, სადაც სამართალდამცველებმა ბადრი ესებუა აიყვანეს, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს და არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

როგორც ცოტა ხნის წინ მათმა ადვოკატებმა მედიასთან განაცხადეს, დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ოჯახის სამი წევრი ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს და არცერთისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ. 

სამივე მათგანმა ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, ბანკის ყველაზე გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებულის აყვანა გამთენიისას მოხდა, როცა ესებუა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. სავარაუდოდ, განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

დღის ამბები