08 მაისი 2024,   02:56
ვრცლად
თურქეთში საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს - გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ევაკუაციაშიც დაეხმარება 

თურქეთში საქართველოს მიწისძვრის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ამ დროისთვის გარდაცვლილია 5 ქართველი. ადიამანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

იწყება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზზე და მიაწოდონ ინფორმაცია ადგილსამყოფელის შესახებ.

"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ისევ ძალიან ცუდი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. საქმე გახლავთ იმაში, რომ პიროვნება, რომელსაც ჩვენ ვეძებდით, გარდაცვლილი ვიპოვეთ. ახლახან შეგვატყობინეს, ამოცნობა ჩატარებულია და გადაჰყავთ პროზექტურაში.

ეს არის მე-5 ჩვენი მოქალაქე, რომელიც დაიღუპა ამ საზარელი ტრაგედიის დროს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, თან მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება და აუცილებლად მოვინახულებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, ჩვენს მაშველებს. ამასთან, შეძლებისდაგვარად, ჩვენს მოქალაქეებს წამოვიყვანთ ანკარამდე. ჩვენ გვინდა, მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ევაკუაციის საქმეში. ჩვენ ისედაც ძალიან  ბევრ მოქალაქეს დავეხმარეთ წამოსულიყო საქართველოში, ასევე ანკარაში, სტამბულში და იზმირში. ამჟამად, შევეცდებით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევიმუშაოთ ევაკუაციის სქემა. ამიტომ, მოგიწოდებთ მოქალაქეებს და მათ ახლობლებს, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და მივიღოთ მონაწილეობა მათ უსაფრთხო ევაკუაციაში ქვეყნის სხვა რეგიონებში,"-აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში გიორგი ჯანჯღავა. 

დღის ამბები