08 მაისი 2024,   00:12
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინალეს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, რომ წლევანდელ ფესტივალზე არ დაუშვეს კრემლის მომხრე პერსონები და რუსეთის მხარდაჭერით გადაღებული ფილმები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან მიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებს, რომლებიც ეკრანზე მის გამოჩენას ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდნენ.

ზელენსკიმ გაიხსენა ბერლინის კედელი, რომლითაც გაყოფილი იყო არა მხოლოდ გერმანია, არამედ თავისუფალი და ტოტალიტარული მსოფლიოც და თქვა, რომ დღეს რუსეთი ცდილობს ასეთივე კედელი ააშენოს უკრაინასა და დანარჩენ ევროპას შორის. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას, ცივილიზაციასა და ტირანიას და განვითარებასა და იმ ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს.

ზელენსკის თქმით, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - რომელ მხარეს უნდა იყვნენ კულტურა და ხელოვნება? უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, კულტურა და კინო პოლიტიკის მიღმა უნდა იყვნენ, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს აგრესიის, მასობრივი მკვლელობის, ტერორის, სხვა ქვეყნების და ხალხის განადგურების და ტოტალური ომის პოლიტიკა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინალეს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, რომ წლევანდელ ფესტივალზე არ დაუშვეს კრემლის მომხრე პერსონები და რუსეთის მხარდაჭერით გადაღებული ფილმები.

ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 16 თებერვალს, საღამოს გაიხსნა. ფესტივალის ხელმძღვანელებმა გახსნის ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიეს უკრაინელი ხალხისა და მისი ბრძოლისადმი სოლიდარობის და რუსეთის აგრესიული ომის დაგმობის ნიშნად.

დღის ამბები