03 მაისი 2024,   15:33
ვრცლად
"ბრალდების მხარე აპირებს ბანკის თანამშრომლების მოყვანას" - სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ ბადრი ესებუაც დაესწრება

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გრძელდება - "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ბათუმიდან ბადრაგები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩაიყვანენ.

სხდომაზე პირადად ყოფნა ესებუამ თავად მოითხოვა - ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, გამოიკითხებიან მოწმეებიც. დღეს სხდომა ითვალისწინებს მხოლოდ ძველ ბრალდებებზე მსჯელობას - საუბარია ტერორისტულ აქტსა და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებაზე.

"ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ მას საკუთარ პროცესებზე დასწრება სურდა, შესაბამისად, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სასამართლოს მხრიდან გაგზავნილია მოთხოვნა მისი ეტაპირებაზე, ანუ სასამართლოში წარმოდგენაზე. ამიტომაც დღეს ველოდებით, რომ ბადრი ესებუაც დაესწრება. პროცესი გაგრძელდება ბრალდების მხარიდან მტკიცებულების გამოკვლევით, კერძოდ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრალდების მხარე აპირებს ბანკის თანამშრომლების მოყვანას და გამოიკითხებიან ისინი. ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის აპირებს სამართლებრივად იდავოს და დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა,"  - განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ. 

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალდება - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარება- მისი დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წაუყენეს. ესებუა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დღის ამბები