05 მაისი 2024,   08:07
ვრცლად
ომის წლისთავამდე 4 დღით ადრე ჯო ბაიდენი უკრაინას ეწვია - უპრეცენდენტო დახმარება და ვიზიტის დეტალები

ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში ჩასვლას და ანჯეი დუდასთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა თავდაპირველი დანიშნულების ადგილი შეიცვალა და ის კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბაიდენის კიევში ჩასვლის მარშრუტი არ გახმაურებულა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ ამ ვიზიტის შესახებ ვაშინგტონმა რუსეთი გააფრთხილა. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ მოსკოვი გაფრთხილებული იყო ფრენების კოორდინაციაზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავამდე 4 დღით ადრე, თეთრი სახლის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ქალაქის ცენტრში, ფეხით გადაადგილდება. საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის მიუხედავად ნაბიჯს არ უჩქარებს. ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"თანამედროვე დროში უპრეცედენტო ვიზიტი" - სწორედ ასე აფასებს თეთრი სახლი ამერიკის პირველი პირის სტუმრობას კიევში. პრეზიდენტი პირველად ჩავიდა ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში ისეთ ვითარებაში, როდესაც შეერთებული შტატების სამხედროები არ აკონტროლებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში გაგრძელდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სტუმრობისთვის, და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარდაჭერა უპრეცედენტოა. ამას მოწმობს ომის 361-ე დღეს უკრაინის დედაქალაქში ვიზიტი და ვაშინგტონის მიერ კიევისთვის უკვე გამოყოფილი 100 მილიარდიანი დახმარება.

ზეწოლა რუსეთზე და უკრაინის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უკვე ცნობილია რომ ხვალ ვაშინგტონი უკრაინისთვის დამატებით ნახევარმილიარდიანი დახმარების პაკეტს გამოყოფს.

ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო. თუმცა, ჯერ კიდევ 3 დღის წინ შეერთებული შტატების ლიდერმა პრესკონფერენციაზე მცირე მინიშნება გააკეთა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ სტუმრობს ამერიკის პირველი პირი უკრაინის ინტერვენციის წლისთავზე პოლონეთს, ბაიდენმა ღიმილით და თვალის ჩაკვრით უპასუხა.

ჯო ბაიდენმა უკრაინა უკვე დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა. ხვალ თეთრი სახლის ლიდერი ვარშავაში ცენტრალურ მოედანზე საზოგადოებას მიმართავს. პოლონეთის დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკვე ელოდებიან. საგანგებოდ მოამზადეს სარეკლამო ბანერიც, წარწერით - "ბაიდენ გადაეცი უკრაინას ეფ-16".

დღის ამბები