03 მაისი 2024,   23:44
ვრცლად
გასულ ღამეს კიევსა და უკრაინის 9 რეგიონში ისევ საჰაერო განგაში იყო - ამ დრომდე უკრაინის საჰაერო თავდაცვა ბროვარისა დ აბორისპოლის მიმართულებაზე მუშაობს

დონეცკის ოლქი, ბახმუტი - კრემლის პროპაგანდისტული გამოცემები ამტკიცებენ, რომ ქალაქი საოკუპაციო ძალის ხელშია. "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული ვიდეო მასალით კი სურათი რადიკალურად განსხვავებულია.

ბრძოლა თითოეული ქუჩისთვის მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროები პოზიციებს არ თმობენ. საოკუპაციო ძალა საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით ცდილობს უკრაინელების პოზიციების გარღვევას. თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველდღიურად 500-მდე რუს ჯარისკაცს ანადგურებენ. უკრაინის დანაკარგის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ბახმუტის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 80% აღდგენას აღარ ექვემდებარება.

კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებს უკრაინის სხვადასხვა ოლქში საოკუპაციო ძალა ღამის განმავლობაში თავს კიდევ ერთხელ დაესხა. კამიკაძე-დრონებით შეუტიეს დონეცკს, სუმს და ხერსონს. უკრაინელმა სამხედროებმა 14 უპილოტო საფრენი აპარატიდან 11 ჩამოაგდეს. იერიშის შედეგად დაღუპულია 1 მშვიდობიანი - მძიმედ დაშავდა 4 სამოქალაქო პირი.

ბელარუსის ოპოზიციის მტკიცებით, დილით დედაქალაქის სიახლოვეს, სამხედრო აეროდრომზე ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია რუსეთის კუთვნილი სადაზვერვო თვითმფრინავი ა-50. თუმცა, არც ოფიციალურ მინსკს და არც მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებიათ.

დღის ამბები