17 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ირენ ფელინთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ირენ ფელინთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მტკიცე პოზიციისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოში სპეციალური წარმომადგენელის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, ასევე მიმოიხილა "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მხარდაჭერისკენ მიმართული საქმიანობა.

თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ძალზე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები