17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
უსაფრთხოების ზამთრის სკოლა - ორი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმავეს

საერთაშორისო და ეროვნული საფრთხეები, ოკუპაცია, ტერორიზმი - ეს იმ თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშო საკითხების ნაწილია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უსაფრთხოების სამსახურის "ზამთრის სკოლაში" ახალი გამოცდილება მიიღეს.

2 კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმავეს. მათ შორის ისწავლეს, თუ როგორ იმოქმედონ რთულ, კრიტიკულ სიტუაციებში ღია ცის ქვეშ, ტექნიკური და საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე.

მთავარი გამოცდილება სტუდენტებმა უსაფრთხოების საკითხებში მიიღეს. ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან მოისმინეს. პროექტის მონაწილეების დიდი ინტერესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა საქმიანობამ, ამ მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკამ და ტერორიზმიდან მომდინარე სხვადასხვა სახის საფრთხეებმა გამოიწვია.

დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა და ამ მიმართულების ძირითადი საკითხები სტუდენტებს უშუალოდ ამ სამსახურების ხელმძღვანელებმა გააცნეს და მათთან ერთად განიხილეს ამ სფეროს განვითარების სტრატეგია

ოკუპაციასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ინფორმაცია სტუდენტებმა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორისგან მოისმინეს.

პროგრამა უნიკალურია და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სტუდენტების შერჩევა კი ”უსაფრთხოების ზამთრის სკოლისთვის” კონკურსის გზით ხდება.

2 კვირის განმავლობაში სტუდენტებს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც უტარებდნენ.

უსაფრთხოების სკოლის იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაა. სტუდენტებს კურსის წარმატებით დასრულება თავად უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. უსაფრთხოების სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მესამედ უმასპინძლა. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და შემდეგი კურსი უკვე ზაფხულში ჩატარდება.

დღის ამბები