17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს - შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მოხდა

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. რა გახდა დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის იარაღი დანაა. სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.  

შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. ტაძრის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს დადგენილი აქვთ დამნაშავის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

ტაძარში შემთხვევის დროს იმყოფებოდა მედავითნე, რომელიც ხმაურის შემდეგ ეზოში გავიდა, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ტაძრის წინამძღვარს უთანხმოება არავისთან ჰქონია. 

"წავიდა ადამიანი ტაძარში განწყობილი იმისთვის, რომ წირვა ჩაეტარებინა და როგორც ჩანს, ჭრილობები მიყენებულია ზურგის არეში. ტაძრის ეზოში მოხდა. ნორმალური ადამიანი ამას არ იზამდა, ფაქტია. ის, რომ წინასწარ ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა, ასეთი რამ არ არსებობს. სავარაუდოდ, გაიქცა, არავინ არ ვიცით, ვინ იყო. ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ზურგის არეში და მკლავშია ერთი ჭრილობა მიყენებული. ექიმებმა ჩაატარეს ოპერაცია. ბოლო ინფორმაციაა, რომ საკმაოდ მძიმეა, მიმდინარეობს სისხლის გადასხმა, დაკარგა სისხლი," - ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.   

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით დაიწყო. ეკლესიის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. 

დღის ამბები