12 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
მეტის გაკეთებაა საჭირო, არა მხოლოდ ყველა კრიმინალის იდენტიფიცირება და დასჯა, არამედ ძალადობის მსხვერპლი ადამიანების დახმარება - ზელენსკი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებია - ზაპოროჟიეში სარაკეტო იერიშს 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა. მსხვერპლის რაოდენობა ქალაქში 13-მდე გაიზარდა.

ყველაზე ცხელ წერტილად ისევ ბახმუტი რჩება. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები უახლოეს მომავალში ბახმუტის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ. ბახმუტიდან უკრაინის ჯარების მასობრივი გაყვანა არ მომხდარა. ახლა ბრძოლა გარეუბნებში მიმდინარეობს და თავად ქალაქს უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

ბახმუტის გარდა, ახლა უკრაინაში ცხელი წერტილები კრემინასა და ბილოგორივკაშია. ბილოგორივკა მუდმივად ოკუპანტების ცეცხლის ქვეშაა. 117-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 7 დასახლება. დაზიანდა კულტურის ცენტრი და ელექტროგადამცემი ხაზები.

"კონფერენციაზე "ერთად სამართლიანობისთვის" გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია. მსოფლიო უკვე გვეხმარება გამოძიებაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო, არა მხოლოდ ყველა კრიმინალის იდენტიფიცირება და მათი დასჯა, არამედ ძალადობის მსხვერპლი ადამიანების დახმარება და მათი ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებაა საჭირო. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პირველმა ლედიმ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ლატვიის პირველმა ლედიმ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჩვენი ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა.

საუბარი მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. აშკარაა, რომ წელს ჩვენი თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გასულ წელს. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, გაიზარდოს უკრაინაში იარაღის მიწოდება და გაძლიერდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ქალბატონ რობერტა მეცოლას და ყველა ჩვენს მეგობარს ევროპაში, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას ინტეგრაციის გზაზე," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები