17 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე, დროებით, პარლამენტში შესვლის უფლება მხოლოდ ზიანის აღწერასა და აღდგენაში მონაწილე თანამშრომლებს აქვთ

მძიმე ღამის კვალი რუსთაველის გამზირს ამ დრომდე ეტყობა. ტერიტორია უკვე დაასუფთავეს შესაბამისმა სამსახურებმა, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე არ იმყოფებიან აქციის მონაწილეები. გახსნილია სტარანსპორტო მოძრაობა.

პარლამენტის შენობის წინ კვლავ დამაგრებულია უკვე უსაფრთხოების ჯებირები. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ აქციის ორგანიზატორების ნაწილი აკეთებდა განცხადებას და მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, რომ მათ არ დაეზიანებინათ სახელმწიფო ქონება და ინვენტარი, არ გაეკეთებინათ წარწერები პარლამენტის შენობაზე, საკანონმდებლო ორგანოს ისევ ეტყობა გუშინდელი საპროტესტო აქციის კვალი.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობაზე წარწერები გააკეთეს. ასევე, აქციის მონაწილეების ნაწილმა სცადა პარლამენტში შესვლა, დაამტვრია საკანონმდებლო ორგანოს ფანჯრები და ამ დროისთვის დაზიანებების აღწერა და დადგენა მიმდინარეობს.

სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის აპარატმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ ამოქმედებულია უსაფრთხოების ზომები და აქედან გამომდინარე პარლამენტის წევრებს და აკრედიტებულ მედიას დროებით პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საკანონმდებლო ორგანოში შევლენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც ზიანის აღწერასა და აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები