17 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
"ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან" დაკავშირებით გადაწყვეტილებას "ლელო" აკრიტიკებს - რას პასუხობენ საკრებულოში  

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას "ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან" დაკავშირებით პარტია - "ლელო" აკრიტიკებს. საბა ბუაძის მტკიცებით, მშენებლობის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის სამშენებლო კოეფიციენტის გაყიდვა.

მისი თქმით, ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის თანხების მობილიზების საბაბით გაჩნდა კ2 კოეფიციენტის მომატების ახალი ფანჯარა, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ბიუჯეტი სწორი მიმართულებით დაიხარჯება. 

"საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიამ და საკრებულომ გააჩინეს ახალი ფანჯარა კ2 კოეფიციენტის გადამეტების, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ახალი შესაძლებლობა ჩნდება თბილისში დეველოპერებისთვის, რომ დამახინჯდეს ჩვენი ქალაქის იერსახე. გარდა პოლიტიკური დაპირებისა, არანაირი დაპირება არ არსებობს რომ ჩვენი დედაქალაქის გაყიდული ინტერესებიდან შემოსული თანხა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოხდეს ავარიული სახლების რეაბილიტაცია,“ - აცხადებს საბა ბუაძე.

საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე კი განმარტავს, რომ განახლებული წესები არეგულირებს ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

"დღეს მუნიციპალიტეტმა ვფიქრობ, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ჩვენ თანამოქალაქეს ეხება და ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ეს ინსტრუმენტი იქნება კვლავ გამოყენებული. დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა ზუსტად ამ ინსტრუმენტის გამოყენებით,“ - აცხადებს რევაზ სოხაძე.

დღის ამბები