24 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნის სამსახურში - თავდაცვის სამინისტრო 18-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს საკონტრაქტო სამსახურში იწვევს

თავდაცვის სამინისტრო 18-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს საკონტრაქტო სამსახურში იწვევს. ეს არის სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი ფორმა. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების საფუძველზე გადიან. კარიერული და პროფესიული კურსების გავლა, უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობა, მზარდი ხელფასი - ეს არის პირობები, რომლებსაც მოქალაქეებს სამხედრო საკონტრაქტო სამსახური სთავაზობს.

რეგისტრაციის პროცედურა გამარტივებულია. დაინტერესებულ მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში შეუძლია საკონტაქტო სამსახურში ჩართვა. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ჩარიცხვამდე, ჯერ სამხედრო მომზადების რამდენიმეკვირიანი კურსია გასავლელი. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში კი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები გარკვეულ შეღავათებს იღებენ. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს მუდმივად უწევთ სხვადასხვა პირობაში კონკრეტული დავალების შესრულება.

სამხედრო ფორმის ჩაცმა და ქვეყნის სამსახურში წასვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის შემდეგ, სახელმწიფო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს კარიერული განვითარების, ცოდნის ამაღლების და განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ისინი, ვინც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან, 4 წელი იმსახურებენ. პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი, მათ შესაძლებლობა აქვთ ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელონ საქმიანობა.

სამედიცინო შემოწმებამდე პირველი ეტაპი რეგისტრაციაა. პროცედურა გამარტივებულია.

თავდაცვის სამინისტრო სამხედროების გარდა, საკონტრაქტო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას, სხვა სპეციალობის ადამიანებსაც აძლევს. სახელმწიფო შეღავათები მათთვისაც მოქმედებს.

სამხედროების ანაზღაურება ეტაპობრივად იზრდება. რიგითის მინიმალური ხელფასი, 1530 ლარს შეადგენს. პირველი 4 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ერთჯერადი დანამატი სამხედროსთვის 8000 ლარია, მომდევნო 2 წლიანი კონტრაქტისას 6000 ლარი, ხოლო შემდეგი 4 წლიანი შეთანხმების დასრულებისას 16 000 ლარი. სამხედროს ანაზღაურება წოდების, თანამდებობის და გამოცდილების მიხედვით იზრდება.

 

დღის ამბები