საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე სასამართლო ერთი ადამიანის მიერ იყო მართული და, ფაქტობრივად, პროკურატურის დანაყოფს წარმოადგენდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლო გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი.
"მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და ყველას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, როგორც იტყვიან, აბსოლუტურად დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა, როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად, კარგად ვიცით, რომ ეს იყო ერთი ადამიანის მიერ მართული. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. სასამართლო იმ დროისთვის იყო, რეალურად, პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი.
იმ დღეს, როცა "ქართული ოცნება" გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი, დამოუკიდებელი. ასევე, მახსოვს ჩვენი საუბრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და რა თქმა უნდა, ჩვენ არც არაფერი გაგვიკეთებია. პირიქით, მოსვლის დღიდან, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს. ასევე მინდა, შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა. ოთხი ტალღა რეფორმების შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ერთ-ერთი სამაგალითო მთელ ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. საერთო, საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენი სასამართლოს მიმართ.
2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა რეკორდული იყო, 4 000 – 5 000 -მდე საქმე იგზავნებოდა. რატომ მეგობრებო? იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ, ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. წელს სტრასბურგში გაგზავნილია მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები სამართალს ქვეყანაში პოულობენ"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.